თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ანკარა ეწინააღმდეგება რეგიონში ომებს და შავ ზღვაში ახალი სამხედრო ხომალდების შემოსვლას, ჩვენი აზრით, ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და ამის გულწრფელად გვჯერა, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, ანკარას სურს, რომ ვითარება რეალისტურად შეფასდეს — საუბარი უნდა იყოს უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ აღიაროს მშვიდობა. ნაკარნახევი მშვიდობა ვერ იპოვის აღიარებას: ამას არც უკრაინა და არც რუსეთი არ დათანხმდებიან“, — აღნიშნა ჩავუშოღლუმ და კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ თურქეთი კრიზისის დაწყების მომენტიდან ღიად უჭერდა მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარას „შესანიშნავი ურთიერთობები აქვს ორივე სახელმწიფოსთან“ და სწორედ ამის გამო არ დაუჭირა მხარი სანქციებს.
„თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ომს და ურყევად ვასრულებთ მონტრეს კონვენციის მოთხოვნებს. ანკარა ეწინააღმდეგება რეგიონში ომების გავრცელებას და შავ ზღვაში ახალი სამხედრო ხომალდების შემოსვლას“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მონტრეს კონვენცია — საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას. ხელმოწერილია 1936 წლის 20 ივლისს შვეიცარიაში, მონტრეს სასახლეში. ძალაში შევიდა 1936 წლის 9 ნოემბერს. მონტრეს კონვენცია უნარჩუნებს სავაჭრო გემებს სრუტეში გავლის თავისუფლებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები განსხვავებულია ყველა ქვეყნისთვის. ამავდროულად დოკუმენტი ზღუდავს შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას სამი კვირის ვადით. ხოლო საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს, საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.