მსოფლიო დღეს

ახალი სამხედრო დახმარება: აშშ უკრაინას შორი მანძილის რაკეტებს გადასცემს

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც, სხვა საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების გარდა, პირველად შევა შორი მანძილის რაკეტებიც, იტყობინება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
მოგვიანებით სააგენტომ დააზუსტა, რომ საუბარია თვითდამიზნებად რაკეტებზე GLSDB (Ground Launched Small Diameter Bomb), რომელთა ადაპტაციაზეც ამერიკულმა Boeing-მა და შვედურმა Saab-მა იმუშავეს და მისი მოქმედების დიაპაზონი 150 კმ-მდე გაზარდეს. რაკეტების გაშვება ხორციელდება ისეთი სისტემებიდან, როგორებიცაა M270 და HIMARS, და აქვს მოძრავი სამიზნეების, მათ შორის, ჯავშანტექნიკის განადგურების ზეზუსტი უნარი.
როგორც სისტემის აღწერილობაშია ნათქვამი, ის გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით იმართება და ნებისმიერ ამინდში გამოიყენება.
ამ დროისათვის კიევს უკვე აქვს ვაშინგტონის მიერ გადაცემული HIMARS-ის სისტემები — 80 კმ რადიუსის რაკეტებით.
ამასთან აღინიშნება, რომ შეერთებულმა შტატებმა არ დააკმაყოფილა კიევის თხოვნა რაკეტა ATACMS-ებთან დაკავშირებით, რომელთა მოქმედების დიაპაზონი 300 კმ-მდეა. თეთრი სახლი შიშობს, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებს შეუტევენ, რამაც შეიძლება ომის უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს.
Reuters-ის ცნობით, კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ მიმდინარე კვირაში გამოცხადება. თეთრ სახლს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო: Reuters