თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 54,5 ათასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წელს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,39%-ით შემცირდა. ამასთან, წლის დასაწყისიდან გახსნილია საქმეების 62,1%.
როგორც მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ შორის შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ. დარახველიძის თქმით, დანაშაულის გახსნის მატება უპრეცედენტოდ მაღალია.
ამავდროულად, 2022 წელს საქართველოში გაიზარდა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, ნარკოდანაშაული, მექრთამეობა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება. დანაშაულის პიკი ზაფხულის პერიოდზე მოდის.
დანაშაულის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დაახლოებით 15,9 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 53,2%.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაული. 2022 წელს დაფიქსირდა დაახლოებით 5,4 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 94,5%.
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია 4,1 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 87,3% გახსნილია.
გარდა ამისა, ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულების ხუთეულში შედის მუქარა (3,7 ათასი ფაქტი) და ძალადობა (3,5 ათასი ფაქტი).
შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში დარეგისტრირდა 74 მკვლელობა, აქედან 32 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი; 865 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 176 – გაუპატიურება, 12 – ადამიანებით ვაჭრობა, აქედან 6 – არასრულწლოვნებით; მძევლად აყვანის ერთი შემთხვევა და 14 ტერორიზმის შემთხვევა.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 2022 წელს ჩადენილი სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 23.441 ადამიანი, აქედან 1.415 პირობით სასჯელს იხდიდა.
6.951 ათასი დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 18.670 ადამიანს მიენიჭა.