თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ყოფილი საწყლოსნო კომპლექსი „ლაგუნა ვერეს" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობის საკითხი თბილისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უთანხმოების ახალი მიზეზი გახდა.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილო არიან ახალი პროექტით, რომლის თანახმად ტერიტორია სტატუსს შეიცვლის და რეკრეაციული სივრცის ნაცვლად ბიზნეს-ზონად გარდაიქმნება. მათი აზრით, ტერიტორიის გარდაქმნა უარყოფითად აისახება ქალაქის ისტორიულ ნაწილზე და კიდევ უფრო მეტ „საცობებს“ შექმნის ამ უბანზე.
„მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება – შეცვალოს ზონების სტატუსი ახალი გენგეგმის შესაბამისად, ან მოხდეს მათი ადგილმონაცვლეობა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი პროექტის თანახმად, შენარჩუნდება საცურაო აუზის სივრცე და მუნიციპალიტეტი მზადაა ამ სივრცის აღდგენითი სამუშაოების პროექტზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელოს.
„მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩაერთოს ყველა მსურველი, იქნება არქიტექტორი თუ დიზაინერი, და ერთად შევიმუშავოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტი. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ძალიან დაზიანდა „ლაგუნა ვერე“. როდესაც გადმოგვეცემა ეს ტერიტორია, მუნიციპალიტეტი მზად არის, მოამზადოს პროექტი და დაიწყოს სარესტავრაციო სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, დედაქალაქის მერის განმარტებით, ამაზე თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურები იმსჯელებენ.
„მუნიციპალიტეტს ჰყავს არქიტექტურის და ურბანული განვითარების სამსახურები, სადაც მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესიონალები და ყველას ჩართულობით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დაამატა, რომ არცერთი ნებართვა არ გაიცემა სატრანსპორტო კვლევის გარეშე.
„ლაგუნა ვერე“ ყოფილი სპორტული კომპლექსია. მის ტერიტორიაზე ოთხი აუზია, რომელთაგან ერთი დახურული ტიპისაა. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა კომპლექსი 2007 წელს შეისყიდა. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მისი საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აუზის ტერიტორიას თბილისის მერიას საკუთრებაში გადასცემს.
„ლაგუნა ვერეს“ კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე“ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს ორი ცათამბჯენით, მათგან ერთი 65-სართულიანი იქნება. შენობა ამჟამად იჯარით არის გაცემული სხვადასხვა კომპანიაზე და გამოიყენება, როგორც საგამოფენო სივრცე.
პროექტი მოიცავს სავაჭრო-საოფისე, საცხოვრებელ და სათავსო ნაგებობებს. რაც შეეხება აუზს, მის შემდგომ ბედთან დაკავშირებით მფლობელი ჯერ გარკვეული არ არის – გარემონტდება კომპლექსი თუ ახალი აშენდება.