თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯღალოსნების მთავარი ამოცანა ევროპის ჩემპიონატის მოგებაა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის უცვლელი მფლობელები არიან.
„ტრადიციულად, უპირველესი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონობაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2023 წლის მსოფლიო თასამდე სულ 8 თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი – 5 რაგბი ევროპაზე და სამი „გასახურებელი“ მატჩი აგვისტოში“, - განაცხადა მაისაშვილმა.
5 თებერვალს საქართველოს ნაკრები თბილისში გერმანიას უმასპინძლებს. თამაში ავჭალის სტადიონზე გაიმართება (13:00 საათზე).
„ექსპერიმენტებისთვის დრო ძალიან ცოტა გვრჩება და თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. ასევე გვყავს რამდენიმე ახალბედა, რომლებიც გვინდა, მსოფლიო თასამდე საქმეში ვნახოთ“, - განაცხადა მაისაშვილმა.
ბორჯღალოსნები შემდეგ ორ გასვლით მატჩს გამართავენ - 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში (თბილისის დროით 16:15 საათზე) და 18 თებერვალს - ესპანეთთან ტორელავეგაში (22:00საათზე).
მწვრთნელის თქმით, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
რაგბიში ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა - მონაწილეთა რაოდენობა ექვსიდან რვა გუნდამდე გაიზარდა. A ჯგუფში საქართველოსთან ერთად ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები - 18-19 მარტს.