კრიზისი, ელექტროკაბელი და თბილისის ამბიციები - ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერთან შეხვედრაზე

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვია.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ ავსტრიის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები, ასევე ევროპაში არსებული ვითარება განიხილა.

„ეს არის ავსტრიის კანცლერის პირველი ვიზიტი საქართველოში. ამას შეიძლება ეწოდოს ისტორიული... საქართველოსა და ავსტრიას შორის პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და დღევანდელი ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა", – განაცხადა ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან კოლეგას „ნაყოფიერი შეხვედრისა და საუბრისთვის” მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერმა უკრაინაში კონფლიქტს „ევროპის კონტინენტზე დიდი გამოწვევა” უწოდა.
„ევროპაში ამ მასშტაბის კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა როგორც მთელი ევროპის, ისე მსოფლიოსა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„შეინარჩუნეთ ზომიერების გრძნობა რუსეთის მიმართ“ - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი>>>
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს საკუთარი პრობლემები, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ამის შედეგი იყო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.
„ჩვენ ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მიღწევა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა ევროინტეგრაციის გზაზე.
„ეს არის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ ევროპასთან. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე გასული წლის ივნისში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, სადაც ნათლად დადასტურდა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ავსტრიას და პირადად კანცლერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
პრემიერმა ნეჰამერთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველომ თითქმის სრულად შეასრულა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველა პირობა.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა... ჩვენ პირველივე დღეებიდან დავიწყეთ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა. პარლამენტმა მთავრობასთან ერთად ამ გზაზე დიდი სამუშაო გასწია. რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია. დარჩა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გადაეგზავნა ვენეციის კომისიას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„პირველი რეკომენდაცია ეხება პოლარიზაციის შემცირებას, უფრო სწორად მის დასრულებას. ამის მიღწევა ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია... ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ მათ კარი გავუღოთ, რათა მუდმივი დიალოგი იყოს. ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეხვედრის დროს საქართველოსა და ავსტრიის მთავრობების მეთაურებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში.
„საქართველო ძალზე საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით მიგვეღწია ორნიშნა ეკონომიკური ზრდისთვის. შარშანწინ გვქონდა 10,5%-იანი ზრდა, შარშან – 10%, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების მხრივ მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე ნაკლები ბიუროკრატია და ბარიერებია.
შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანა: პროექტის ანალიზი 2023 წელს დასრულდება>>>
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო შავის ზღვის ფსკერზე საქართველოსა და ევროპას შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტს. ეს, საქართველოს პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია.
„უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ჩართულია ოთხი ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი… ეს და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.