თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ანკარამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე, რაც შოკში ჩააგდებს შვედეთს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ფინეთს შვედეთისგან განსხვავებული პასუხი მივცეთ. შვედეთი შოკირებული იქნება ამგვარი მესიჯით“, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
გასულ კვირაში შვედეთის ულტრამემარჯვენე პარტია Hard Course-ის ლიდერმა რასმუს პალუდანმა სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ ყურანი დაწვა. აქციის ჩატარების ნებართვა მან შვედეთის ხელისუფლებისგან მიიღო. ამის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთს არ უნდა ჰქონდეს ანკარის მხარდაჭერის იმედი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ მომხდარის ფონზე სამეფოს ალიანსში შესვლის პროცესი შეჩერებულია. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ივლისში სამხედრო ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე თურქეთთან საჭირო შეთანხმებები მიღწეული იქნება.
ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადების რატიფიცირების პროცესში არიან. 30 ქვეყნიდან 28 უკვე დაეთანხმა მათ გაწევრიანებას, გარდა თურქეთისა და უნგრეთისა.
წყარო: Anadolu