თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაზემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულო ბრიფინგზე.
დასავლეთ საქართველოს იანვრის დასაწყისში ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა სამ რეგიონში, სერიოზული ტრავმა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთი კი დაიღუპა.
„მთელ რიგ მუნიციპალიტეტებს უკვე დაწყებული აქვთ პროცესი ამ მიმართულებით. გამოიყო გარკვეული თანხა იმისთვის, რომ აღნიშნული სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დიდია“, – განაცხადა ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, დაზარალებულების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მუნიციპალიტეტები ინტენსიურად არიან ჩართული.
როგორც ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში 20 მლნ ლარს აღწევს.
უამინდობის შედეგების სალიკვიდაციოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალური შეხვედრაც გამართა გუბერნატორებთან, სადაც პრობლემების მოგვარების გეგმა განიხილეს.