თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. კომპანია NEW Bot რომელიც ე.წ ჭკვიანი მტვერსასრუტების ვაჭრობის სფეროში საქმიანობს, მხილებულია მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ეს ტექნიკით ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების კანონის დარღვევის პირველი დადასტურებული ფაქტია.
სააგენტომ საქმის შესწავლა სამი მოქალაქის განცხადების შემდეგ დაიწყო. ისინი აცხადებდნენ, რომ მოვაჭრისგან დისტანციურად ე.წ. ჭკვიანი მტვერსასრუტი შეიძინეს, თუმცა შეძენილი საქონელი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
მომხმარებლებმა მიუთითეს, რომ მტვერსასრუტის შეძენამდე საქონლის შეძენამდე მოვაჭრეს ინფორმაცია საქონლის მახასიათებლების თაობაზე არ მიუწოდებია, ასევე მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია საგარანტიო სერვისით სარგებლობის პირობების თაობაზე.
კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
„კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შესულია 110 განაცხადი. 60 შემთხვევაში დაიწყო საქმის შესწავლა. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 11 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება.
წყარო - კონკურენციის სააგენტო