ლექვინაძე USA2GEORGIA-ს საქმეზე: კონკურენციის სააგენტომ კლიენტები დაიცვა

მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კომპანია USA2GEORGIA-მ კლიენტის გაუფრთხილებლად ონლაინ შეძენილი საქონლის წონის გამოთვლის წესი შეცვალა
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. შეთანხმება კომპანია USA2GEORGIA-სთან მიღწეულია მომხმარებლის სასარგებლოდ, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ.
2022 წლის დეკემბერში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაიწყო. მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კომპანია USA2GEORGIA-მ კლიენტის გაუფრთხილებლად შეცვალა წონის გამოთვლის წესი და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
„მიღწეული შეთანხმების შედეგად, (ეს კომპანიის პასუხისმგებლიანობასაც უსვამს ხაზს მომხმარებლების სასარგებლოდ), ყველა მომხმარებელს, ვინც აღნიშნული პრობლემის წინაშე დადგა, სხვაობის საზღაური აუნაზღაურდება. ეს უნდა მოხდეს 3 თვის ვადაში. ამისთვის მომხმარებელმა, ვინც თავს დაზარალებულად თვლის უნდა შეავსოს შესაბამისი აპლიკაცია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
ამისათვის კლიენტმა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, კომპანიის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. დეტალური ინსტრუქციების გამოქვეყნება ორშაბათს იგეგმება.
ლექვინაძის თქმით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში არაერთი განცხადება და საჩივარი შევიდა, ერთ თვეში კი სააგენტოში კონკრეტული საქმეების განხილვისა და შესწავლის პროცესი მიმდინარეობდა.
USA2GEORGIA მზადაა აუნაზღაუროს ზარალი კლიენტებს >>
ბოლო ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოში 1 ნოემბრიდან დღემდე შესულია მომხმარებლების 107 განაცხადი, მათგან 58 საქმე შესწავლის პროცესშია. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.