თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. 29 იანვრის მდგომარეობით, დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ნარჩუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 18 იანვრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
„ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით უწყვეტ რეჟიმში აზუსტებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.