შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანა: პროექტის ანალიზი 2023 წელს დასრულდება

წყალქვეშა კაბელის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ იქნება - ის აღიჭურვება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. შავის ზღვის ფსკერზე საქართველოსა და ევროპას შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის ისტორიული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი 2023 წელს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
„2023 წელს დასრულდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და გეოლოგიური კვლევა, რომელსაც დააფინანსებს მსოფლიო ბანკი. წყალქვეშა კაბელის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ იქნება და აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.