საქართველოში რეგიონების ინტერნეტიზაციის პროექტი ხორციელდება

საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ, რეგიონების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს, უკვე აშენებულია 350კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, ხოლო 450კმ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 2021 წლიდან 2025 წლამდე დაიწყო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს ათას დასახლებას, მათ შორის ქალაქებიდან მოშორებულ სოფლებს.
„რაც შეეხება რეგიონების ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად ხორციელდება, უკვე აშენებულია 350კმ- მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, ხოლო 450კმ. მონაკვეთზე მიმდინარეობს მშენებლობა, აგრეთვე 4 ახალი ტენდერია გამოცხადებული ახალი მიმართულებებით ინტერნეტიზაციის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე და დასრულებული ტენდერების მოცულობა სულ 1.600 კმ-ს შეადგენს.
2023 წელს დაგეგმილია დასავლეთ საქართველოს სამიზნე გეოგრაფიული არეალების სრული დაფარვა, ხოლო 2024 წლიდან მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოშიც გაგრძელდება.
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი წამში მინიმუმ 100 მეგაბიტი სიჩქარით, წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში - 1 გიგაბიტი წამში. ამავდროულად, ღია ფართოზოლოვანი ქსელი გაჩნდება სამიზნე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი.
საქართველოში ციფრული ეკონომიკის პირველადი სტრატეგია შემუშავდა >>
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის რაიონები. 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.
ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად საქართველო 2023 წლიდან ინტერნეტს Starlink-ის თანამგზავრული სისტემის დახმარებით მიიღებს.
Starlink-ის მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ისეთ დასახლებებში, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტ-წვდომა არ არსებობს. პროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ყველა წერტილში მაღალხარისხიანი სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.