თავიდან სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა. მოსკოვის უნივერსიტეტში კი ფილოსოფიის ლექციებს ისმენდა.
- ბატონო გოჩა, ფილოსოფიითა და რელიგიების შესწავლით იყავით დაინტერესებული...
- მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ამ სფეროებს ეხებოდა. დავიწყე კითხვა, ვკითხულობდი ყველაფერს და შეშლილივით. ჩემს კითხვებზე პასუხებს ყველგან ვეძებდი. 21 წლის ვიყავი, როცა მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო“ რამდენჯერმე წავიკითხე. გატაცებული ვიყავი კრიშნამურტით, სუფიზმითა და ნეოპლატონიზმით, მამარდაშვილით, ძენბუდიზმით. ცხოვრებაში, ქართველი პოეტებიდან დაწყებული, ამერიკელი მქადაგებლებით დამთავრებული, უამრავ კარგ ადამიანს შევხვდი.
- გაიხსენეთ ადამიანები, ვინც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
- ასეთები იყვნენ: გიორგი კაპანაძე, მოსკოვის თეოლოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის პროფესორი, ჯეიმს სიმკო ნიუ-იორკიდან და მქადაგებელი, თეოლოგიის პროფესორი გორდონ ბიალიკი. რა შეიძლება გავიხსენო გიორგი კაპანაძეზე? – უამრავი რამ. უბისის მონასტერში მასთან პირველ შეხვედრას გავიხსენებ, როცა ჩემი ლექსების რვეული გადავეცი. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ლიტერატურულ სამყაროში ჩემი შესვლა აქედან დაიწყო. მე ვიპოვე ადამიანი, რომლის პოვნა ცხოვრების დასაწყისში პოეტისა და მაძიებელი ადამიანისთვის აუცილებელია.
გოჩა სხილაძე და ქეთევან დუმბაძე
© გ. სხილაძის პირადი არქივი.
- მქადაგებლებიდან ვის გაიხსენებთ?
- რაც შეეხება მქადაგებლებს, ერთს გავიხსენებ. მისი სახელი არ მახსოვს, სტუმრად იყო ჩამოსული, უზარმაზარი ცხვირი და ულამაზო სახე ჰქონდა. სტუდენტებმა როგორც კი დაინახეს, სიცილი ვერ შეიკავეს და მის დასაცინად მოემზადნენ. მაგრამ მოხდა სასწაული – მან ორიოდე სიტყვა თქვა იესოზე, ზუსტად ორი სიტყვა და გაჩერდა. კონკრეტულად რა თქვა, არც მახსოვს, რაღაც უმნიშვნელო, რასაც ჩვენც ვამბობთ ხოლმე, მაგრამ მის სიტყვებს დაუჯერებელი ენერგეტიკა ჰქონდა. წამიერად ყველა ატირდა, ყველაზე მეტს ისინი ტიროდნენ, ვინც მეტს იცინოდა. ეს იყო ემოციური ტალღა, რაც იმ მქადაგებლის ერთმა წინადადებამ წარმოშვა. ასეთი რამ არასდროს მინახავს.
- ფილოსოფიის ლექციებს სად ისმენდით?
- ფილოსოფიის ლექციებს მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში ვისმენდი. ალექსანდრ მენის უნივერსიტეტში დავდიოდი. მართალია, იმ დროს ალექსანდრ მენი უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მის მოწაფეებს ვუსმენდი. კვირაში სამი დღე მაიაკოვსკის ძეგლთან, დიდ წიგნების მაღაზიაში ნებისმიერი ფასის უამრავ წიგნს ვყიდულობდი. ინსტიტუტის პრორექტორმა ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა დამავალა და არჩევანის სრული თავისუფლება მომცა. მაშინ ცხოვრება მოსკოვში ძალიან ჭირდა, რომ არა ეს დავალება, საჭირო წიგნებს ვერ ვიშოვიდი და ვერც წავიკითხავდი.
- ბედნიერება რეალური მდგომარეობაა თუ ილუზია?
- ბედნიერებაზე ოცნება ადამიანს თავბრუს ახვევს და ამ ილუზიურ ბადეში მოხვედრილი წამოიწყებს გზას, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. ხოლო რასაც აქ ვაწყდებით ბედნიერების სახით, ეს საპნის ბუშტებია – შეგვიძლია ვუცქიროთ, მივუახლოვდეთ, შევათვალიეროთ, მაგრამ სახლში მას ვერ წავიღებთ, ვერც მეორე დილით ვიხილავთ. ბედნიერება გაელვებაა, წამებია. ეს არ არის ადამიანის მუდმივი მდგომარეობა, მაგრამ ამ წამების გარეშე სიცოცხლე უაზრობა იქნებოდა...
ნინო მამულაშვილი