თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
საქართველოს ოლიმპიური დროშა ორგანიზაციის პრეზიდენტმა, წარსულში ცნობილმა წყალბურთელმა სპიროს კაპრალოსმა გადასცა.
2020 წლის ნოემბერში კურორტ ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
„ჩვენ გადმოგვეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა, ნიშნად იმისა, რომ მომავალი ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში გაიმართება. შესაბამისად, დაგვეკისრა დიდი პასუხისმგებლობა. დრო ცოტაა, საქმე - ძალიან ბევრი“, - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
მისი თქმით, ეს დღე ქართული სპორტისთვის განსაკუთრებულია.
„მომავალი ორი წლის განმავლობაში მოგვიწევს ყოველდღიური მუშაობა საორგანიზაციო საკითხებზე, ინფრასტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რათა ევროპულ ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“, - განაცხადა ხაბელოვმა.
რაც შეეხება ევროპის XVI ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც იტალიაში 28 იანვარს დასრულდა, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები 47 ქვეყნიდან სპორტის 13 სახეობაში. საქართველოს სპორტის ოთხ სახეობაში რვა სპორტსმენი წარმოადგენდა.
წარმატებას მიაღწია 15 წლის ქართველმა მოციგურავემ, კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელმაც XVI ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დღეს ქალაქ უდინეში გაიმართა აღნიშნული ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა სეოკ-ის დელეგაცია პრეზიდენტ ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით.
საქართველოს მთავრობა 2023 წელს 100 მილიონ ლარს გამოყოფს ბაკურიანის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC–ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.