მსოფლიო დღეს

ჩვენ არ დავუშვებთ ომს რუსეთსა და ნატოს შორის - შოლცი

Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სერიოზულად ეკიდება მის მიერ დადებულ ფიცს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ გადაიზარდოს ომში რუსეთსა და ნატოს შორის.
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. გერმანია ორი სატანკო ბატალიონის ფორმირებას გეგმავს. პირველ ეტაპზე მოხდება ბუნდესვერის მარაგებიდან Leopard 2 A6 ტიპის შენაერთის გადაცემა, რომელიც 14 ერთეულ ტანკს მოიცავს.
„გერმანიის კანცლერმა, რომელიც სერიოზულად ეკიდება თავის დადებულ ფიცს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ გადაიზარდოს ომში რუსეთსა და ნატოს შორის“, - განაცხადა შოლცმა გაზეთ Tagesspiegel-თან ინტერვიუში, როდესაც პასუხობდა კითხვას, რამდენად დიდია მისი შეშფოთება ესკალაციასა და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ბირთვული რეაქციის გამო.
„ჩვენ არ მივყვებით იმათ, ვინც უპასუხისმგებლოდ ურჩევს გერმანიას, წინ იაროს. ჩვენ ყოველთვის მჭიდრო კოორდინაციაში ვმოქმედებთ. სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება ესკალაციის რისკს გაზრდიდა და უპასუხისმგებლო იქნებოდა“, - აღნიშნა კანცლერმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ კიევისთვის ტანკების მიწოდებას დასავლეთის დაპირისპირება რუსეთთან ახალ ხარისხში აჰყავს.
რუსეთმა ადრე გაუგზავნა ნოტა ევროპის ქვეყნებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შეიცავს სამხედრო ტექნიკას, ლეგიტიმური სამიზნე გახდება რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისთვის. სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ნატოს ქვეყნები „ცეცხლს ეთამაშებიან“, როდესაც უკრაინას იარაღს აწვდიან.