მსოფლიო დღეს

„ძალადობას გამართლება არ აქვს“ - სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმში მომხდარი ტრაგედია დაგმო

აღმოსავლეთ იერუსალიმში სინაგოგაზე თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ვლოცულობ იერუსალიმში სროლის დროს დაღუპულთა და ოჯახებისთვის, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
პარასკევს საღამოს ისრაელის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია ტერორისტული თავდასხმის შესახებ აღმოსავლეთ იერუსალიმში, ნევე იააკოს რაიონში მდებარე სინაგოგაში. შვიდი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, სროლა აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრებმა არაბმა განახორციელა. ეს ქალაქის ის ნაწილია, რომელიც ისრაელის მიერ არის ანექსირებული, ხოლო პალესტინელები თავიანთ დედაქალაქად მიიჩნევენ.
„შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის სამხედროებმა 10 პალესტინელი მოკლეს პალესტინის ქალაქ ჯენინში, რომელიც მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს.
შაბათს 13 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა იერუსალიმის უძველეს დასახლებულ უბანში, დავიდის ქალაქში. დაშავდა ორი ადამიანი. ისრაელის პოლიციამ შაბათს იერუსალიმში მომხდარ სროლას „ტერორისტული თავდასხმის ეჭვი" უწოდა.