თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისის მეტროში ბოლო დროს მგზავრთნაკადი გაიზარდა და ახლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტურნიკეტების არასაკმარისი რაოდენობაა, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.
2023 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისის 12 მეტროსადგურის შეკეთებისა და მოდერნიზაციისთვის 51 მილიონი ევრო გამოყო.
„რამდენიმე კვირის წინ მილიონი გადაყვანა დაფიქსირდა, რაც რეკორდია თბილისისთვის... ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურნიკეტები, იქიდან გამომდინარე, რომ გამტარობის პრობლემა ვაგონებს არ აქვს, ვაგონების სისწრაფე და დინამიკა საკმარისია იმისთვის, რომ ნაკადი გაიყვანოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
ტურნიკეტების რაოდენობის გაზრდა უახლოეს დროს არის დაგეგმილი, აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ხელისუფლება აპირებს მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“, ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელის პრობლემა გადაჭრას. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ახლა განიხილება, არის ჰორიზონტალური ესკალატორების მონტაჟი, თუმცა ეს დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, აღნიშნა დეპუტატმა.
ამჟამად პიკის საათებში გადასასვლელში მგზავრების ნაკადს არეგულირებენ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები: ისინი აკვირდებიან, რომ მგზავრებმა, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებიან, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.