ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია - ვიდეო

საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ ბელგიელ და შვეიცარიელ სპორტსმენებს აჯობა
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ტურნირი ფინეთის ქალაქ ესოოში ტარდება. მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგების მიხედვით, მან 199,91 ქულა (69,81 + 130,10) დააგროვა. მეორე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა ბელგიელმა ლუნა ჰენდრიქსმა (193.48; 67.85 + 125.63) დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი (192.51; 63.83 + 128.68) გახდა.
ანასტასია გუბანოვა 2021 წლამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა. სპორტსმენი რუსეთის თასის ფინალის ორგზის ვერცხლის მედალოსანია. სპორტული მოქალაქეობის შეცვლის შემდეგ გუბანოვა შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე გახდა, ხოლო პეკინის ოლიმპიადაზე - მე-11.
ფინეთი ევროპის ჩემპიონატს მეოთხედ მასპინძლობს. წელს ტურნირში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობს: 30 გოგონა, 29 ვაჟი, 13 სპორტული და 23 მოცეკვავე წყვილი. ევროპის ჩემპიონატი 28 იანვარს მოცეკვავე წყვილების თავისუფალი პროგრამით დასრულდება.
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) საბჭომ 1 მარტს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. ივნისში ISU-ს ყრილობამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა და ის ძალაში იქნება შემდგომ განკარგულებამდე.