მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ

დალი ელიზბარაშვილი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. ის ბათუმში სამუშაოდ იყო წასული. ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 25 იანვარს იპოვეს.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 25 იანვარს იპოვეს. დალი ელიზბარაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან ბათუმში სამუშაოდ იყო წასული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის მიზეზად თავიდან თვითმკვლელობა დაასახელა, თუმცა მშობლიურ სოფელში გადასვენების შემდეგ ოჯახის წევრებმა ქალის ცხედარზე დაზიანებები აღმოაჩინეს და ხელახლა მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება. მათი ვარაუდით, დალი ელიზბარაშვილი ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.
ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს 4 სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცველები დაკავებულს ქალზე ძალადობას ედავებიან.
ბათუმში 1980 წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.