თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი" საქმიანობას Serpens-ის სახელით გააგრძელებს, იუწყება რუსთავის მერიის პრეს-სამსახური.
მერიის ცნობით, ბიტუმის წარმოება-მომარაგებით დაკავებული კომპანია განახლდა და, რებრენდინგის შემდეგ, საწარმო საცავების საერთო მოცულობას 20.000 ტონამდე გაზრდის, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლისთვის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება.
ასევე იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობაც და რვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება 32 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად მიღება, გადმოტვირთვა და ჩატვირთვა.
კომპანიაში ამჟამად 70-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
გარდა ამისა, საწარმოს სტანდარტის გასაუმჯობესებლად იგეგმება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ათი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოზიდვა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიას გადაეცა რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში 10 ჰექტარი ფართობის დაპირებული მიწის ნაკვეთი. კომპანიის ინვესტიციების მოცულობამ 30 მილიონი ლარი შეადგინა.
რუსთავში მდებარე ამერიკული სტანდარტის გადამამუშავებელი ქარხანა Serpens აწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი 5 სხვადასხვა მარკის უმაღლესი ხარისხის ბიტუმს და უზრუნველყოფს მის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით 1-7 საათის განმავლობაში. საწარმო არა მხოლოდ მიიღებს ნედლეულს, არამედ უზრუნველყოფს მათ შენახვას გაფართოებულ საცავებში მოდერნიზაციის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს ბიტუმის სტაბილურად მაღალ ხარისხს.