ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ: იუსტიციის მინისტრის ბრალდებებს ჯიშკარიანმა უპასუხა

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ისინი შეაფასებენ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, თუ ამის ნებართვას სააკაშვილი გასცემს.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადება ცენტრ „ემპათიის“ დასკვნასთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აბსურდი და ფარსია, განაცხადა „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.
რატი ბრეგაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არ დაადასტურა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ცენტრ „ემპათიის“ მიერ დასმული დიაგნოზების უტყუარობა.

„ჩვენ საქმე გვაქვს ფარსთან, ეჭვს იწვევს ეს იურიდიული საფუძვლები. ჩვენც გვექნება შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შეფასების, თუ იქნება მიხეილ სააკაშვილის ნებართვა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც მან განმარტა, დიაგნოზები ნევროლოგიური და გასტროენტეროლოგიური თვალსაზრისით ემთხვევა იუსტიციის სამინისტროს, „ვივამედის“ და გორის ჰოსპიტლის დიაგნოზებს.
„შესაბამისად, როგორ არის შეცდომით?!. რაც შეეხება ფსიქიატრიას. ფსიქიატრიაში ჩვენი დასკვნა სრულიად გამართულია, დოკუმენტაციაზე დაყრდნობილი, მას იზიარებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო ფსიქიატრი, ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თუ მოსამართლე ამ დასკვნას გაიზიარებს, მაშინ ექს-პრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთმევა.
იუსტიციის სამინისტრო: ექსპერტიზის ბიურომ სააკაშვილის დიაგნოზების უტყუარობა არ დაადასტურა>>
„დაახლოებით 15 მუხლი იქნა დარღვეული იუსტიციის მინისტრისგან. არ გამოვრიცხავ, ამან გვაიძულოს, რომ საერთოდ დავანებოთ ქართულ სასამართლოს თავი და პირდაპირ წავიდეთ სტრასბურგის სასამართლოში. თუ სამხარაულის დასკვნა მოსამართლემ გაიზიარა და დაუშვა, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე თვეზე მეტია განიხილება სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში ვიდეოკავშირის მეშვეობით მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა, რადგან ექიმები მას არ აძლევენ სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაციას. ის 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ოჯახი და ადვოკატები უკვე რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა. მას შემდეგ, რაც სასამართლო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვას შეუდგა, ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ აუცილებელია საკითხის სწრაფად გადაჭრა, მაგრამ ათობით მოწმის დაკითხვას ბევრი დრო მიაქვს.
სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ის მძიმედ არის ავად და მისი მკურნალობა არსებულ ვითარებაში უშედეგოა, ამიტომ საჭიროა მას მიეცეს შესაძლებლობა, წავიდეს საზღვარგარეთ ერთ-ერთ ისეთ კლინიკაში, რომელიც ამგვარი პაციენტების მკურნალობაზეა სპეციალიზებული.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატების ქცევა არალოგიკურია>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს