რა ეტაპზეა საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა

პროექტის ფარგლებში შენდება გზა, ხიდები და გვირაბები, რაც ცხოვრების მრავალ სფეროზე აისახება დადებითად.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქვეშეთი–კობის გვირაბის მშენებლობა აქტიურად გრძელდება – უკვე გაჭრილია ხუთი კილომეტრი, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
„მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები, რომელიც ქვეშეთი–კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი (TBM) დანადგარით წარმოებს, უკვე 5 კილომეტრის სიღრმეში მიმდინარეობს. 3 კილომეტრსა და 820 მეტრზეა გაჭრილი საევაკუაციო გვირაბიც“, – ნათქვამია განცხადებაში.
კობი–ქვეშეთის გვირაბის მშენებლობა
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
ასევე დაგეგმილია ხუთი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.
როდის დასრულდება ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა?>>
ახალი გზის მეშვეობით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
ზამთარში აღარ შეიზღუდება სატრანზიტო მოძრაობა, გაიზრდება ტვირთბრუნვა, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
კობი–ქვეშეთის გვირაბის მშენებლობა
ახალ გზაზე დაცული იქნება გადაადგილების უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტი და შემცირდება გადაადგილების დროც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება (ზამთარში უფრო მეტიც) და ზვავსაშიშროებიდან გამომდინარე ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.
ამას გარდა, თბილისი–გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი გახდება, ხოლო თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
ქვეშეთი–კობის გზის პროექტი ხორციელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობით, აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკების მხარდაჭერით. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს