მსოფლიო დღეს

რეზოლუცია მიღებულია: PACE-მ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა

Sputnik
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ერთხმად მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გამო.
ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, 100 „მომხრე“ და ერთი „თავშეკავებული“ ხმით მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მიმართულია იმ სამოქალაქო და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ, რომლებმაც „დაგეგმეს, მოამზადეს, წამოიწყეს ან განახორციელეს“ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან ლიდერების სახელებს რეზოლუცია არ აკონკრეტებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა საბჭოს წევრ ქვეყნებს, შექმნან სპეციალური ტრიბუნალი რაც შეიძლება მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის მხარდაჭერით. ორგანიზაცია ელოდება, რომ ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტი, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს რეიკიავიკში, ამ პროექტს „პოლიტიკურ მხარდაჭერას“ გამოუცხადებს.