ამოქმედდა შეთანხმება საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული კვეთის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს სომხეთის ხელისუფლებას, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაასრულა მუშაობა სომხეთთან საზღვრის გადაკვეთის გამარტივების შესახებ შეთანხმებაზე. მთავრობის შესაბამისი დადგენილება გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის 12 იანვარს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ.
დადგენილების თანახმად, მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, ასევე სომხეთის ხელისუფლებას, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდება მესამე ქვეყანა, რომლის საზღვრის კვეთისთვის საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება.
ანალოგიური რეჟიმი უკვე მოქმედებს თურქეთსა და უკრაინაში შესვლისას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს