თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
2022 წელს საბჭოს წევრებმა 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათგან პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 266 ექიმს, ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 70 ექიმს კი საქმიანობის უფლება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
სამინისტროს განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, ასევე პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.