თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ევროპის საფეხბურთო ორგანიზაცია უეფამ რუსეთს სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი, იუწყება ამერიკული მედია.
როგორც გამოცემა წერს, მანამდე დაგეგმილი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულთა მატჩი, რომელიც ახალ სეზონს გახსნის, ქალაქ ყაზანში გაიმართებოდა, სადაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები მიმდინარეობდა.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ კი უეფამ გამოაცხადა, რომ სუპერთასის მატჩი 16 აგვისტოს ათენში, გეორგიოს კარაისკაკისის სტადიონზე გაიმართება.
გასული წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უეფამ 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგიდან საფრანგეთში, სენ-დენის „სტად დე ფრანსზე“ გადაიტანა, მაგრამ სუპერთასთან დაკავშირებით მაშინ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ამასთან რუსულ კლუბებს გასული წლის 28 თებერვლიდან უეფასა და ფიფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუჩერდათ.
გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა სპორტის მმართველ ორგანოებს, არ ჩაატარონ შეჯიბრებები რუსეთში.