როდის გაიხსნება საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“?

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ქვეყანაში არსებული სხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ 2023 წელს გაიხსნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ექვსი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს, მათგან ერთი სარკინიგზო პუნქტია. ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 14 მარტს ჩაიკეტა კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის რეჟიმის დაწესების გამო, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

„2022 წელს ჩვენ გვქონდა საშუალება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაგვეხსნა „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იხსნება „ლაგოდეხის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურა იქნება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ასევე მიმდინარეობს სხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება.
ADB: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი ხელს შეუწყობს ვაჭრობას>>>
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სახმელეთო საზღვარზე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების აღდგენის საკითხზე აზერბაიჯანში საელჩოსთან ერთად მუშაობენ. ამისთვის რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 19 მარტიდან შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანში საჰაერო გზით გამგზავრება. ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის.