თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ფინეთის ქალაქ ესპოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველი მოციგურავეები ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამით გამოსვლის შედეგებით ათეულში ვერ მოხვდნენ.
ფინეთი ჩემპიონატს მეოთხედ მასპინძლობს. წელს მასში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობს: ერთეულებში 30 ქალი და 29 მამაკაცი და 13 სპორტული და 23 საცეკვაო წყვილი.
მოკლე პროგრამის შედეგებით, ნიკა ეგაძე 72,96 ქულით მე-12 ადგილზეა, მორის ყვითელაშვილმა კი 70,55 ქულით მოკლე პროგრამა მე-16 ადგილზე დაასრულა.
27 იანვარს სპორტსმენები თავისუფალ პროგრამას შეასრულებენ.
ხუთშაბათს ყინულზე ძალებს ანასტასია გუბანოვა მოსინჯავს. მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი ტურნირში 27 იანვრიდან ჩაერთვებიან.
ევროპის ჩემპიონატი 29 იანვარს დასრულდება. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება გაურკვეველი ვადით შეჩერებული აქვთ.