სცენაზე განსახიერებული მოხუცი და ლობიოს მარცვლებით დახატული ტაილანდელი

სცენის მტვერი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჩაყლაპა – პროფესიულ სცენაზე სხვადასხვა როლები შეასრულა. თუმცა მსახიობი ვერ გამოვიდა, ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა.
Sputnik
ამის მერე ნიკუშა მაღლაკელიძე ბავშვობის მეორე გატაცებას – ხატვას მიუბრუნდა. თვითნასწავლ მხატვარს უკვე სამი გამოფენა ჰქონდა. მათ შორის ერთი იტალიაში გაიმართა.
ნიკუშა მაღლაკელიძე
- ნიკუშა, თეატრისადმი თქვენი სიყვარული ბავშვობაში დაიწყო?
- თეატრი ძალიან მიყვარს. პაროდირების ნიჭი თავიდანვე დამყვა და სკოლაში ყველა მე მადებდა თითს – ესაა ბიჭი, ყველას რომ ბაძავსო. ხალხის გაცინება და გახალისება კარგად შემეძლო. თეატრის მაშინდელმა რეჟისორმა, ქალბატონმა დოდო მერკვილიშვილმა პირდაპირ სკოლიდან წამიყვანა თეატრში.
- სკოლის დროს პროფესიული თეატრის სცენაზე ხართ გამოსული...
- დიახ, მეექვსე კლასის მოსწავლე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრალური დასის მსახიობი ვიყავი. ისე მოხდა, რომ მეექვსე კლასიდან მეოთხე კურსამდე თეატრს არ მოვშორებივარ. მერე უკვე, პროფესიიდან გამომდინარე, ამ სფეროს ჩამოვშორდი. დღესაც მინდა იქ დაბრუნება, მაგრამ ვერ ვახერხებ.
სცენაზე
- თქვენი ყველაზე უჩვეულო როლი რომელი იყო?
- ზესტაფონის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „ვანო პაპას ბაღი“, რომელშიც მე ბაბუის როლი ვითამაშე. მოხუცისთვის დამახასიათებელია ხელის კანკალი და ნელი მოძრაობა, ყველაფერი ეს ზუსტად შევასრულე. როლი ისე კარგად გამომივიდა, რომ მაყურებელი დარბაზში ტიროდა.
- სკოლის მერე რატომ არ ჩააბარეთ თეატრალურზე?
- პროფესიონალი მსახიობი იმიტომ ვერ გავხდი, რომ ახლობლებმა არ ჩამაბარებინეს თეატრალურში – ეს პროფესია ვერ გაცხოვრებს და მშიერი დარჩებიო. მე მაინც ვერ ვეშვებოდი თეატრს, მაშინაც, როცა ქუთაისის უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ჩავაბარე, პირველი კურსიდან მოყოლებული ოთხი წელი უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე ვიდექი.
სცენაზე
- რომელ სპექტაკლებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
- სამჯერ დაიდგა სპექტაკლი და სამჯერვე მივიღე მასში მონაწილეობა. ქუთაისის თეატრში ვითამაშე სპექტაკლში სახელწოდებით „ამაშია საქმე“, რომელიც ბევრ სხვადასხვა ადგილზე ვაჩვენეთ, ერთხელ ფესტივალის პრიზიორებიც გავხდით. იყო ცხოვრებაში ასეთი დაუვიწყარი მომენტები. როგორც გითხარით, პაროდირების ნიჭი დამყვა, ამიტომ იუმორს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მას რთული სიტუაციიდან საკმაოდ ხშირად გამოვუყვანივარ.
- თვითნასწავლი მხატვარი ხართ, ლობიოს მარცვლებით ხატვის იდეა როგორ გაგიჩნდათ?
- 2016 წლიდან ძირითადად ზეთის საღებავებით ვხატავ. ერთხელ ტაილანდელი მოხუცის პორტრეტი უნდა დამეხატა და უცებ იდეა გამიჩნდა, რომ მისთვის ლობიოს მარცვლები გამომეყენებინა. მომავალშიც ვაპირებ ამ ფორმით სხვა ნამუშევრების შექმნას. ხატვის სტიმული ჩემ შემთხვევაში მეტწილად იმედგაცრუება ხდება ხოლმე. ვფიქრობ, ხელოვნებაში რაიმე გრანდიოზულის, მნიშვნელოვანისა და საინტერესოს შექმნის ბიძგი და საფუძველი შეიძლება უფრო იმედგაცრუება, მარტოობა და მელანქოლია გახდეს.
ნიკუშა მაღლაკელიძის შემოქმედება
- გამარჯვება არ ხდება ხოლმე სტიმული?
- როცა უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩემმა ნამუშევარმა გაიმარჯვა, ნამდვილად არ ველოდი. აი, მაშინდელი გამარჯვება ნამდვილად გახდა ჩემთვის სტიმული. ეს ნახატი საჩუქრად მინდოდა და კონკურსზე შემთხვევით გავიტანე.
- პერსონალური გამოფენა თუ გქონდათ?
- სამი პერსონალური გამოფენა მქონდა – ერთი თბილისში, ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში, შემდეგ იტალიის ქალაქ ოსტუნში, სადაც გამიმართლდა და კარგად დაემთხვა ის ფაქტი, რომ პირველ სართულზე ჩემი ნახატების გამოფენა იყო, მეორეზე – პიკასოს ნახატებისა და ფოტოების გამოფენა. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ გამოფენის მოწყობაში თავიდან ბოლომდე დედა დამეხმარა. მორიგი გამოფენა 2019 წელს თბილისში, ავეჯის სახლ „მარკოში” გაიმართა.
ნიკუშა მაღლაკელიძის შემოქმედება
- ძირითადად რა თემები ჩნდება თქვენს ნახატებში?
- ხელოვანი ხალხი მუდამ ახლის ძიებაშია, აუცილებელია ხოლმე გარემოს შეცვლა. რატომღაც ძალიან ხშირად ვხატავ ევროპის ქალაქებს. ჩემ საოცნებო ქალაქში ზღვა აუცილებლად უნდა იყოს. ძალიან მიყვარს ძველი დრო – ქუჩები სავსე ეტლებით, ტრამვაით და ძველებურად შემოსილი გამვლელებით. ვოცნებობ ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელოვნება მეტად ფასობს, სადაც შევძლებდი, რომ მარტო ჩემი ნამუშევრებით მეცხოვრა.
ნინო მამულაშვილი