თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანში შესვლა აკრძალა იდუმალი რესპირატორული დაავადების გავრცელების გამო, იუწყება გამოცემა Metro.
ამ დროისათვის უცნობია, რაზეა საუბარი — კორონავირუსის ინფექციისა თუ რაიმე სხვა დაავადების აფეთქებაზე.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფხენიანის მოსახლეობას ხუთი დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა აუკრძალეს და დღეში ოთხჯერ ტემპერატურის გაზომვა დაავალეს, რის შემდეგაც მონაცემები ტელეფონით უნდა აცნობონ ექიმებს.
Metro-ს ცნობით, ეს ინფორმაცია დაადასტურა როგორც ადგილობრივმა პრესამ, ისე რუსეთის საელჩომ, რომელიც თავის მხრივ კიმ ჩენ ინის განკარგულებას ეყრდნობა.
არსებული ინფორმაციით, ფხენიანში „განსაკუთრებული ანტიეპიდემიოლოგიური პერიოდია“ შემოღებული. ამ ხნის განმავლობაში უცხოეთის დელეგაციათა წარმომადგენლებს საელჩოების გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
აღინიშნება, რომ ქვეყნის მთავრობის განკარგულებაში COVID-19-ზე საუბარი არ არის, თუმცა ნახსენებია „გრიპითა და სხვა რესპირატორული ინფექციებით განმეორებით დაავადების შემთხვევათა ზრდა“.
მანამდე ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიით გადაიცა დოკუმენტური ფილმი, რომლის თანახმად, ქვეყანამ კორონავირუსთან გამკლავება დაახლოებით 80 დღეში მოახერხა, რაც „სასწაულია მთელი პლანეტის მასშტაბით“.
2022 წლის 12 მაისს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კოროვირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე 10 აგვისტოს ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას კორონავირუსის დამარცხების შესახებ აცნობა.
წყარო: Metro