თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მისი ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.
ფილმების ჩვენება 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გახსნის.
რეტროსპექტივის დროს წარმოდგენილი იქნება „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სავარძელი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „შერეკილები“ და ტრილოგია „მრავალჟამიერი“.
კინოჩვენების პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი, კულტურის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი.
ელდარ შენგელაია 1933 დაიბადა თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში კინოსტუდია „მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორია.
ელდარ შენგელაია არის საქართველოს სახალხო არტისტი (1979), სსრკ სახალხო არტისტი (1988), მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1985 ფილმისთვის „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (2013). იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე (1976-1991), საქართველოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-2008).