მსოფლიო დღეს

„ეს პროვოკაციაა“: თურქეთი ნატოდან გასვლას არ აპირებს

Sputnik
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. პროვოკაციების მიუხედავად, თურქეთი არ განიხილავს ნატოს წევრობის შეწყვეტას, განაცხადა ქვეყნის მმართველი პარტიის (AKP) პრეს-მდივანმა ომერ ჩელიქმა.
მანამდე თურქეთის პოლიტიკური პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ეთჰემ სანჯაქმა განაცხადა, რომ ნატოს ანტითურქული პროვოკაციების გამო ქვეყანა ალიანსს ხუთ-ექვს თვეში დატოვებს.

„ჩვენ ასეთ მოწოდებებს [თურქეთის ნატოდან გარიცხვის შესახებ] ყოველ არჩევნებზე ვაწყდებით. ეს ის საკითხი არ არის, რამაც შეიძლება აგვაღელვოს. მათი სიტყვები, ვინც თურქეთის ნატოდან გარიცხვის აუცილებლობაზე საუბრობს, უგუნურია. ამაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა. მათ არ აქვთ უფლება, ისაუბრონ ამ თემაზე“, — განუცხადა ჩელიქმა სანჯაქის სიტყვებზე პასუხად CNN Turk-ს.

ეთჰემ სანჯაქმა ზემოხსენებული განცხადება დღეს, 25 იანვარს გააკეთა. როგორც ის ირწმუნება, ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს აშშ მტრული პოლიტიკის გამტარებელ ქვეყნად მიაჩნია და ამ დროისათვის უფრო რუსეთის მიმართ ავლენს სიმპათიებს.