თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ვაკის პარკში დაიდგმება ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
2023 წელს სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის 15 წევრი ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების მცდელობისთვის დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ კოტე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი და სხვები.
პარკში მოეწყობა სივრცე, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობები იქნება გამოფენილი, განაცხადა თბილისის მერმა.
„ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. მრავალი წელი მათი ხსენებაც კი აკრძალული იყო და, ძირითადად, საიდუმლოდ თაობიდან თაობას გადაეცემოდა ამ სამაგალითო გმირობის ამბავი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაკის პარკში მოეწყოს საინფორმაციო მემორიალი“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის შემუშავებაში ჩართულია საქართველოს საპატრიარქო და ერთობლივი ძალისხმევით ვაკის პარკში მალე გაჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობების გაგება.
თბილისის მერმა თავის მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა, სწრაფად დაიწყოს პროექტი და აღნიშნული სივრცე მოწესრიგდეს.