საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახები დახმარებას მიიღებენ

საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 ათას ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საგარეჯოს მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი - უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი. დანაშაულის მოტივი ჯერ ისევ უცნობია.
ამ დროისათვის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობას სამი ადამიანი აგრძელებს. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ორ-სამ დღეში გაწერენ.
რაც შეეხება მესამე პაციენტს, 24 წლის გიორგი კიკნაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. იგი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. თუმცა, ექიმების თქმით, გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა.
შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულები 24 იანვარს დაკრძალეს.