თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2022 წლის მეოთხე კვარტალში 5,5%-ით გაიზარდა ამავე წლის მესამე კვარტალთან შედარებით, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი სამშენებლო სექტორში ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
ინდექსის წლიურმა ზრდამ საანგარიშო პერიოდში 14,3% შეადგინა. 2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, ფასების ინდექსი ახალ საცხოვრებელზე მეოთხე კვარტალში 24%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით – 12,5%-ით.
ბინების ფასები ახალ აშენებულ სახლებში თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 4.941 |
ვაკე | 4.204 |
საბურთალო | 3.333 |
ჩუღურეთი | 3.212 |
კრწანისი | 3.118 |
დიდუბე | 2.881 |
ნაძალადევი | 2.824 |
გლდანი | 2.698 |
ისანი | 2.668 |
სამგორი | 2.630 |
ახლად აშენებული კერძო სახლების ფასები 2022 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, 8,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით – 18%-ით.
ახალი სახლის ფასები თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 3.258 |
დიდუბე | 3.156 |
ვაკე | 3.111 |
საბურთალო | 2.857 |
კრწანისი | 2.640 |
ისანი | 2.528 |
ჩუღურეთი | 2.207 |
ნაძალადევი | 2.010 |
სამგორი | 1.901 |
გლდანი | 1.748 |
„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ახლად აშენებულ სახლებში 1 კვ.მ ე.წ. შავი კარკასის ფასია 2.595 ლარი, თეთრი კარკასის – 2.882 ლარი, ხოლო მწვანე კარკასის – 3.199 ლარი.
2021 წლის მეოთხე კვარტალში 1 კვ.მ-ის ფასები ამგვარი იყო: შავი კარკასი – 2.210 ლარი, თეთრი – 2.600, მწვანე – 2.950.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.