„ეს არის აბსურდული განცხადება“ - მმართველი პარტია უკრაინელ დიპლომატს ეხმაურება

უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნის.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში უკრაინა განიხილავს საქართველოდან თავისი მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის შესაძლებლობას, არის აბსურდული და არადიპლომატიური, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოებისთვის რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.

„მარტივად რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, ბატონი კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს. მეორე მხრივ, ეს არის აბსურდული განცხადება“, – განაცხადა ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინელებს კარი გაუღო, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„საფრთხეების თაობაზე საუბრები აბსოლუტურად გამოგონილი და უსაფუძვლოა. რაც შეეხება ამ კონკრეტული დიპლომატის განცხადებას, ვთვლი, რომ ეს იყო უკიდურესად არადიპლომატიური განცხადება“, – განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ უკრაინელები საქართველოში თავს ნამდვილად ნორმალურად გრძნობენ.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, ქვეყნის ხელისუფლება მიესალმება.
სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგია>>>
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.