თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონიერი ქურდის „დათო ტბილისკის“ ვაჟების გუგა და დათა კაკულიების საქმეზე მორიგ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა პროკურატურის ბრალდებები თავდაყირა დააყენა.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, 27 მაისს თბილისში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე ბრალდებულმა ძმებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს სერგო ქურთიაშვილს, ასევე ფეხში დაიჭრა იქვე მყოფი გიორგი კაჭკაჭიშვილი.
„ბრალდებულებს ბავშვებიდან ვიცნობ და ისინი რომ ყოფილიყვნენ, იქვე აღვიქვამდი. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ესენი არ არიან“, – აღნიშნა სასამართლოზე ქურთიაშვილმა.
ამასთან ქურთიაშვილმა აღწერა, თუ როგორ მოხდა თავდასხმა 27 მაისს.
„იმ დღეს შავებში ჩაცმულმა პიროვნებამ დაიწყო სროლა, მეორე ჩემკენ იშვერდა ხელს. შავებში ჩაცმული პიროვნება ფეხებში მესროდა. მანქანის მიმართულებით წავედი, იმის მერე არაფერი მინახავს“, – გაიხსენა ქურთიაშვილმა.
მისი თქმით, მეორე დაშავებული, გიორგი კაჭკაჭიშვილი იმ დროს იმყოფებოდა მანქანაში, საიდანაც არც კი გადმოსულა.
საქმის სხვა დეტალები
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, კაკულიები შესაძლოა კავშირში არიან ახალგაზრდა პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან, რომელიც „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი იყო.
იმის შესახებ, რომ 22 წლის კვარაცხელიას მკვლელობა დაკვეთილი იყო, არაერთხელ განაცხადა მისმა დედამ იზა ომაძემ. მასმედიაში გავრცელებული ვარაუდით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა „დათო ტბილისკის“ მკვლელობასთან არის დაკავშირებული – არსებობს ვერსია, რომ „დათო ტბილისკის“ შვილებმა ნიკოს მკვლელობის დაკვეთით გია კვარაცხელიაზე შურისძიება განიზრახეს, რომელსაც აბრალებდნენ მამის მკვლელობას.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის, 22 წლის პროგრამისტის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების – აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.
აპრილის შუა რიცხვებში თბილისის საქალაქო სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან აკავშირებენ კომპანია Silk Road Group-ის თანადამფუძნებლის ლევან კაჭარავას მკვლელობასაც, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.
ამ ვერსიით, კაჭარავა კანონიერ ქურდ „დათო ტბილისკისთან“ დაახლოებული პირი იყო და მან კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ერევანში გამგზავრება დააფინანსა, სადაც ისინი „კანონიერი ქურდის“ ვაჟებს გუგა და დათა კაკულიებს შეხვდნენ.
გარდა ამისა გაირკვა, რომ დაკავებისას ამოღებული ერთ-ერთი პისტოლეტი საქართველოს გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას ეკუთვნოდა.
სასამართლოზე დადგინდა, რომ ძმებ კაკულიების ახლო მეგობარია ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, ხოლო მკვლელობის მცდელობის საქმის ე.წ. ოქროს მოწმე, ტაქსის მძღოლი ლევან ვაჩნაძე ჟვანიების მეზობელიც აღმოჩნდა.
ბუსა ჟვანია ამჟამად სასჯელს იხდის 22 წლის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ბრალდებით (ლევან თოფაძე ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილია).