მსოფლიო დღეს

საბძელში ნაპოვნი სკინტლით დაფარული ტილო ვან დეიკის ნახატი აღმოჩნდა - ფოტო

Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ნიუ-იორკის შტატის დაბა კინდერჰუკის ერთ-ერთი ფერმის საბძელში ნაპოვნი ნახატი, რომელიც მთლიანად ქათმის სკინტლით იყო დაფარული, ცნობილი ფლამანდიელი მხატვრის ენტონი ვან დეიკის ადრეული ნამუშევარი აღმოჩნდა, იუწყება News Artnet.
ტილო ამ დროისათვის 3 მილიონ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მანამდე, 2002 წელს ის 600 დოლარად შეიძინა კინდერჰუკელმა კოლექციონერმა ალბერტ რობერტსმა. მისი ვარაუდით, ეს ჰოლანდიური ოქროს საუკუნის ეპოქის შედევრი უნდა ყოფილიყო, თუმცა ავტორის ვინაობა არ იცოდა.
ის ფაქტი, რომ ტილოს ავტორი ვან დეიკია, ხელოვნებათმცოდნე სიუზან ბარნსმა დაადასტურა. სპეციალისტის დასკვნით, მხატვარმა ის კარიერის დასაწყისში შექმნა და შემდგომში „წმინდა იერონიმის“ ესკიზად გამოიყენა, რომელიც რუბენსის ასისტენტად მუშაობის პერიოდში დახატა 1615-1618 წლებში. „წმინდა იერონიმი“ ამჟამად როტერდამის მუზეუმში ინახება.
საბძელში ნაპოვნი ვან დეიკის ტილო ამჟამად Sotheby’s Master Week-ზეა გამოფენილი, რომელიც ნიუ-იორკში იმართება.