თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრაზე მიმდინარე და 2023 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
პრემიერი დაინტერესდა იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესის მიმდინარეობით.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 19.695 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1.470 მლნ ლარი გამოიყო.
იანვრის შუა რიცხვებში დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იყო, რომელმაც რეგიონებში ინფრასტრუქტურა დააზიანა, სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.
შეხვედრაზე პროგრამა „განახლებული რეგიონების” მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული პირველი ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და აშენდა 92 პარკი და სკვერი. პროგრამა გრძელდება, ამ ეტაპზე კი, პროგრამის ფარგლებში, უკვე ინვესტირებულია 400 მილიონი ლარი.
ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა.
2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 30 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა.
სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
პროგრამის მთავარი მიზანია დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ბაზარზე იმ ადამიანების ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ დასაქმებული.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური