თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
„სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა. როგორ?! ყველა შეფუთული შევდივართ. დღესაც გონება დაკარგა!“ – დაწერა ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში.
2021 წლის ნოემბერში სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, როდესაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, რადგან საავადმყოფოს დირექტორის დავით დარასელიას ტესტი დადებითი აღმოჩნდა. მაშინ ექს-პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
2020 წელს სააკაშვილს, რომელიც მაშინ უკრაინაში იმყოფებოდა, კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.