რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან შეხვედრისას

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა", – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.