თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართეს და ბრალდებულთა რაოდენობის გაზრდა მოითხოვეს.
ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდის ოჯახს არ სჯერა, რომ ის ინფექციის გამო შეიძლება გარდაცვლილიყო. დაღუპულის მამამ მედპერსონალი გულგრილობაში დაადანაშაულა და მიიჩნია, რომ მისი ვაჟი მედიკოსების დაგვიანებული რეაქციისა და არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.
კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ისტორიის გაყალბების ფაქტზე თეა ბეგიაშვილს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) უფროს მედდას ბრალი გუშინ წაუყენეს.
გარდაცვლილის მამის გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, მან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მისი შვილი კლინიკაში ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა.
იგი მოითხოვს პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც მისი შვილის გარდაცვალებაში რაიმე სახის დანაშაული მიუძღვის.
„ექსპერტმა პირდაპირ და ცალსახად თქვა, რომ აღნიშნული პრეპარატები აღნიშნული დოზებით სასიკვდილოა. კერძოდ, ეს იწვევს სუნთქვის უკმარისობას, კომას და სიკვდილს”, – განაცხადა ფეხბურთელის მამამ.
თუ თეა ბეგიაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობა სურს, მან უნდა დაასახელოს აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა. იგი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება საუბარი იყოს 10 ან 20 ადამიანზე.
„უნდა დაისაჯოს ყველა, დაწყებული მათგან, ვინც ჩემი შვილი კლინიკის პირველ სართულზე უპატრონოდ დატოვა და არც საჭმელს აძლევდა და არც წყალს, არცერთი ექიმი არ შედიოდა გარკვეული საათების განმავლობაში“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
მისი თქმით, არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ კლინიკაში მის შვილთან 14 საათის განმავლობაში არცერთი ექიმი არ შესულა.
მედდის ადვოკატის გიორგი გელენიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით შეცდომა უნებლიეთ, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო დაუშვა.
ბრალდებული ამტკიცებს, რომ აგვისტოში სამედიცინო სისტემა გადატვირთული იყო, რის გამოც მედპერსონალის ნაკლებობა იყო.
„ათი ექიმის, ათი ექთნის მოვალეობას რამდენიმე ადამიანი ასრულებდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო თეა ბეგიაშვილი, რომელიც წუხს, რომ მან ხელი მოაწერა სამედიცინო ისტორიას, რადგან ექიმები და ექთნები არ იყვნენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
უფროს ექთანს ბრალდება სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება), რომელიც ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად.