თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. აშშ-ის საელჩო საქართველოში ცდილობს ქართულ სასამართლოზე გავლენა მოიპოვოს USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტ „პროლოგის“ მეშვეობით, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით 1998–2011 წლებში მიხეილ სააკაშვილს ე.წ. სასამართლო რეფორმა ჩააბარეს. გარდა ამისა, მათი მხარდაჭერით 2004–2005 წლებში იმ დროს მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლო სისტემაში წმენდა ჩაატარა, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ათობით მოსამართლე გაათავისუფლეს კონსტიტუციის დარღვევით, ხოლო სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ტანდემმა მიაღწია მართლმსაჯულებაზე სრულ კონტროლს, აღნიშნეს „ხალხის ძალაში“.
„აღნიშნული წმენდის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის მიმართ არავითარი შენიშვნა არ გამოუთქვამთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლო 2004-12 წლებში იქცა „ნაცმოძრაობის“ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ რგოლად, ხოლო საელჩო ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, პირიქით, სისტემის მთავარ მფარველად გვევლინებოდა, აღნიშნულია წერილში.
„პროლოგმა“ თავდასხმა საქართველოს სასამართლო სისტემაზე 2015 წლის შემდეგ დაიწყო, მას მერე, რაც სისტემა საბოლოოდ გათავისუფლდა „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან, მიიჩნევენ „ხალხის ძალაში“.
„ფაქტია, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი – პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე „ნაცმოძრაობის“ გავლენის დაბრუნებაა, ნათქვამია განცხადებაში.
„არსებითად სწორედ „პროლოგის“ მეშვეობით ცდილობს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას, რისი ერთ-ერთი მექანიზმიც „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მოსამართლეების ამერიკული ვოიაჟებითა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებით პერმანენტული წახალისებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„პროლოგი“ აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არაღიარების პოლიტიკას“, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა, აცხადებენ „ხალხის ძალაში“.
გარდა ამისა, „პროლოგის“ დაფინანსებით წარმოებს სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარ-კამპანიები და ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით.
„პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და ხელისუფლება ვალდებულია ამას შესაბამისი ზომები დაუპირისპიროს, აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
პროექტი „ კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და თანამშრომლობს სახელმწიფო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამართლებრივ სკოლებთან და სხვა პარტნიორებთან.