თბილისის თავზე მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია შემცირებულია

თბილისში ჰაერი ძლიერ დაბინძურებული იყო მყარი ნაწილაკებით, რომლებიც ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელდა.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვერი, რომელიც ბოლო დღეებში თბილისის თავზე ფიქსირდებოდა, გაიფანტა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, 18 იანვრიდან თბილისში ჰაერი ძლიერ იყო დაბინძურებული. მიზეზად ყარაყუმის უდაბნოდან ქვიშის ნაწილაკების გავრცელება დასახელდა.
თბილისის თავზე PM10 და PM2.5 ტიპის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის გაზრდა დაფიქსირდა. PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
გარემოს სააგენტოს სპეციალისტები ურჩევენ მოქალაქეებს, ხშირად ეწვიონ ვებ-გვერდს Air.gov.ge და შეამოწმონ ჰაერის ხარისხი თავიანთ დასახლებულ პუნქტში.
ბოლო დღეებში ატმოსფერული ჰაერი მეტად დაბინძურებული იყო აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის გამზირებსა და ვარკეთილის რაიონში.