თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არასოდეს დაუდანაშაულებია ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებისთვის თავის არიდებაში, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჰყვა უცხოურ და ადგილობრივ ოპოზიციურ მედიას, ისევე როგორც „ქართულ რადიკალურ ოპოზიციას“ და დაიწყო სიცრუის ტირაჟირება, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. კობახიძის უკმაყოფილება გამოიწვია პრეზიდენტის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად უნდა უარყოს ბრალდებები და თავისი პოზიცია ფაქტებით გაამყაროს.
„უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პირველია, ვინც, საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს.
„მას არაერთხელ განუცხადებია, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციებისთვის თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელ მოცემულობაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული.
საქართველოს ტერიტორიაზე სანქციების გვერდის ავლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს მთავრობა. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან საბაჟო ორგანოების მიერ ათასზე მეტი ოპერაციაა შეჩერებული სანქციების დარღვევის რისკის გამო.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, თავისი სანქციები დაეწესებინა რუსეთის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას და, ამასთან, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.