თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ვებ-გვერდი „გემოს ატლასის“ (TasteAtlas) თანახმად, ქართული სულგუნი და შებოლილი სულგუნი მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველს შორის მოხვდა.
კერძოდ, სულგუნმა 47-ე ადგილი დაიკავა, შებოლილმა სულგუნმა კი – 87-ე ადგილი
„სულგუნი – ქართული ყველია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში მზადდება. ყველს აქვს რბილი, მაგრამ რთული გემო და ნახევრად მკვრივი ტექსტურა. მისი დამზადება შესაძლებელია საქონლის, თხის, კამეჩის რძისგან ან მათი კომბინაციისგან“, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში.
რაც შეეხება შებოლილ სულგუნს, სტატიის თანახმად, მას უფრო გამოკვეთილი გემო და მძაფრი სუნი აქვს.
„შებოლილი სულგუნი კარგად დნება და მისი ჭამა რეკომენდებულია ღომთან – ადგილობრივ ფაფასთან ერთად, რომელიც სამეგრელოში კვების ძირითადი პროდუქტია“, – აღნიშნულია სტატიაში.
სიის პირველ სამეულში მოხვდნენ იტალიური პარმიჯანო-რეჯიანო (Parmigiano Reggiano), გორნონზოლა-პიკანტე (Gorgonzola piccante) და ბურატა (Burrata).
TasteAtlas - არის ვებ-გვერდი დედამიწის ყველა კუთხის ტრადიციულ სამზარეულოსა და ავთენტურ რეცეპტებზე. გარდა ამისა, TasteAtlas ინტერაქტიული რუკაა, რომელიც გარკვეული ადგილისთვის დამახასიათებელ კერძებს აჩვენებს.