თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. კულტურის სამინისტრომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მეორედ გამოაცხადა.
პირველად კონკურსი 2022 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. განაცხადი ორმა კანდიდატმა შეიტანა, თუმცა ვერცერთმა ვერ შეძლო საჭირო ხმების მიღება. შესაბამისად, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევმა სარეკომენდაციო საბჭომ ვერ შეძლო კულტურის მინისტრისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენა.
კანდიდატი შეიძლება გახდეს თეატრალურ სფეროში მომუშავე იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება ან ასეთ პირთა საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
კონკურსის პირობების თანახმად, კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო პროგრამა, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 23 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნაბეჭდი სახით სამინისტროში, ან ელექტრონული სახით სამინისტროს ოფიციალურ ელფოსტაზე – info@culture.gov.ge.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება, რომლის შესაბამისადაც ხდება კანდიდატების შერჩევა.