მსოფლიო დღეს

ბერბოკი: გერმანია მზადაა პოლონეთს უკრაინაში ტანკების გაგზავნის ნება მისცეს

Sputnik
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. გერმანია მზადაა დართოს პოლონეთს ნება, გადასცეს უკრაინას მის განკარგულებაში არსებული გერმანული წარმოების ტანკები Leopard-2, რაც მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
მისი თქმით, ბერლინი ამ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ვარშავა მსგავს მოთხოვნას დააყენებს.

„თუ ამას მოგვთხოვენ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები, ამიტომ ამ საკითხს ახლა პარტნიორებთან განვიხილავთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდეს“, — ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა გერმანულ ტანკებს კიევში იმ შეთხვევაშიც კი გაგზავნის, თუ ამას თავად გერმანია არ გააკეთებს.
„ჩვენ ვერ ვისხდებით გულხელდაკრეფილი და ვერ ვუყურებთ, როგორ იცლება უკრაინა სისხლისგან“, — დაწერა მორავიეცკიმ ტვიტერზე მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ფრანგული ტანკების გაგზავნა არ გამორიცხა.
უფრო ადრე კიევისთვის საკუთარი მძიმე ტანკ „ჩელენჯერების“ გაგზავნა დააანონსა დიდმა ბრიტანეთმაც.
20 იანვარს გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ავიაბაზა „რამშტაინზე“ ნატოსა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ კიევისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი Leopard-2-ების მიწოდების საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. მასმედიის ინფორმაციით, გერმანიაში შიშობენ, რომ ესოდენ მძლავრი იარაღის უკრაინისთვის გადაცემა რუსეთის პროვოცირებასა და კონფლიქტის უფრო მძლავრ ესკალაციას მოახდენს.