თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კვირას სლოვაკეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ დაბალი აქტივობის გამო ბათილად ცნო შაბათს გამართული რეფერენდუმის შედეგები, რომელიც რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესწორებების მიზნით ჩატარდა, ამის შესახებ ბრატისლავის ტელეარხი TA3 იუწყება.
რეფერენდუმი ჩატარდა რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ.
„საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ 27,25% მივიდა, მაშინ როცა პლებისციტის შედეგების შემდგარად ცნობისთვის საჭირო აქტივობა იყო 50% პლუს ერთი ადამიანი. შესაბამისად, საარჩევნო კომისიამ კვირას გამართულ სხდომაზე რეფერენდუმის შედეგები ოფიციალურად ბათილად ცნო“, - იტყობინება ბრატისლავის ტელეარხი TA3.
კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ყუთებთან მივიდა 1.193.198 ადამიანი, რომელთაგან 97%-მა კონსტიტუციაში შემოთავაზებული ცვლილებები მოიწონა. კენჭისყრის პროცესში არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ქვეყნის ხელმძღვანელობიდან არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარესა და არც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია.